"Massive Attack"-მა მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდებს, რომლებსაც რეჟიმი არბევდა და სცემდა - აქტივისტი
"ჩავთვალეთ, რომ იმსახურებდა ბენდი, სცოდნოდათ იმ რეჟიმის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად გვარბევდა, გვცემდა, გაზს გვაყლაპებდა" - ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა "პირველებთან" გააკეთა.
როგორც ახალგაზრდა ამბობს, ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმება დიდი გზავნილია, რომლითაც "Massive Attack"-ი "ოცნების" სისხლიან რეჟიმს შეეწინააღმდეგა და სოლიდარობა გამოუცხადა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხს.
ჩავთვალეთ, რომ იმსახურებდა ბენდი, სცოდნოდათ იმ მდგომარეობის შესახებ, რაც საქართველოში იყო და იმ რეჟიმის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს ყოველდღიურად გვარბევდა, გვცემდა, გაზს გვაყლაპებდა. გადაწყვეტილება ბენდმა თავად მიიღო. ვაწოდებდით ფოტომასალას, ხალხის ცემის ფაქტებს და მივეცით სრული ინფორმაცია. ბენდმა მხოლოდ კი არ დააქენსელა კონცერტი, არამედ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ პროტესტებში, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ახალგაზრდებს გულწრფელ პროტესტში და მათ სურვილში, რომ მსოფლიოს გააგონო საკუთარი ხმა. ეს არის დიდი გზავნილი", - ამბობს აქტივისტი.
"Massive Attack"-ის პასუხი "ქართული ოცნების" ძალადობაზე - ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი წერს, რომ 28 ივლისს, "Black Sea Arena"-ზე ჩანიშნულ კონცერტს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების შელახვისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო აუქმებს.
"Massive Attack" სოციალურ ქსელ "X"-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ფოტო-კადრს ავრცელებს და წერს, რომ ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.
ცნობისთვის, იქამდე სანამ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გაუქმდებოდა, ქართველმა ხალხმა MASSIVE ATTACK-ს ოფიციალური განცხადებით მიმართა. საზოგადოება ბენდს მოუწოდებდა, საქართველოში არსებულ საგანგებო პოლიტიკურ ვითარებას გაცნობოდნენ და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ "X"-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.