მოვუწოდებთ, გააკეთოს განმარტება- "ოცნება" ქარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.07.21 20:34
 მოვუწოდებთ, გააკეთოს განმარტება- "ოცნება" ქარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. საქმე ეხება კახა კალაძის მიერ მედიის მისამართით გაკაეთებული განცხადების საპასუხოდ ეთიკის ქარტიის მოწოდებას, რომ არ მოხდეს ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან.

აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.
განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში“. 
აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც.  კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნის გამო“.  
ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას. 
აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო. 
მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში? 
ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა".
იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.
მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არა მარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კახა კალაძის განცხადებას გმობს

მსგავსი სიახლეები