წყალი გრაფიკით, დღეში მხოლოდ სამი საათი - უმძიმესი მდგომარეობა თბილისში
წყალი გრაფიკით, დღეში მხოლოდ სამი საათი - უწყლოდ დარჩენილი თბილისისთვის "ჯივიპიმ" მხოლოდ ეს გამოსავალი მოძებნა. ხვალიდან თითქმის ყველა ქუჩას ეტაპობრივად, კონკრეტული საათების მიხედვით მიეწოდება წყალი. წიწამურთან დაზიანებული ცენტრალური მილსადენის გამო, მოხდება ალტერნატიული გზების გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობისთვის დისკომფორტი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ნახევარ მილიონამდე მეტი ადამიანი უწყლოდ გუშინ დილიდან დარჩა. მიწის მასის თვითნებურად ჩამოყრის გამო დაზიანებულია წყალსადენი, რომელიც თბილისს და მცხეთას ამარაგებს. "ჯივიპიში" ვერ ამბობენ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს წყლის გრაფიკით მიწოდება. არადა ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. ზოგიერთ უბანში სასმელი წყალი მაღაზიებიდანაც კი გაქრა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე? - დედაქალაქის მერი ხელს "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისკენ" იშვერს და აღიარებს, რომ კომპანია ხარვეზებით მუშაობს და ამაში "ნაციონალური მოძრაობის" კვალს ეძებს.