ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო – ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ - გურამ კაშია
"ძალიან ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო. ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სპორტსმენი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ქართველი ხალხისთვის ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ამიტომ ფეხბურთელის თქმით, ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუოს.
ძალიან ბევრმა ფული დაზოგა - და თავისი ხელფასი და შემოსავალი, რაც ჰქონდათ, მთლიანად ფრენის ბილეთებში დახარჯეს და თამაშს რომ დასწრებოდნენ. ჩვენს ქვეყანაში ასეთი გარემოა, ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს. 30 წელი ველოდებოდით, რომ დიდ ტურნირზე გვეთამაშა და ეს ოცნება ჩვენ, ყველას აგვიხდა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ, როგორ წარვადგენთ საკუთარ თავსა და საქართველოს. ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვეცდებით, რომ აქ ჩვენი თავი რაც შეიძლება სათანადოდ წარმოვაჩინოთ და ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელოთ", - ამბობს გურამ კაშია.
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი - ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.