ონკოპაციენტები მედიკამენტების გარეშე - ვახტანგ სურგულაძე ხელისუფლებას პირობის დარღვევაში ადანაშაულებს
"ლელოს" წევრი ვახტანგ სურგულაძე ხელისუფლებას ონკოპაციენტებითვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მძიმე სენის მქონე ადამიანების მედიკამენტებით და შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფას. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ვახტან სურგულაძე ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერმა ონკოპაციენტებს 6 თებერვალს ცრუ დაპირება მისცა, თითქოს მათი მოთხოვნები შესრულებული იქნებოდა, თუმცა პირობის მიცემიდან 3 თვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.
ამა წლის 6 თებერვალს აი, ამ დარბაზში მოეწყო დიდი ზარზეიმით შეხვედრა, რომ საქართველოში ონკოპაციენტების საკითხები გადაიჭრა და საერთოდ, აღარც ევროპის დახმარება დაგვჭირდება და არავის დახმარება დაგვჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ეს მეც ძალიან გამიხარდა, გულით გამიხარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ტყუილი აღმოჩნდა. შეიცვალა მინისტრი, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე არც კომპეტენტური ყოფილა, არც კომუნიკაცია შესძლებია და ახალი მინისტრის პირველი დავალება რაც მისცა პრემიერმა იყო, რომ ონკოპაციენტების პრობლემა უნდა მოაგვაროს.
დღეს ზუსტად შესრულდა 3 თვე ბატონი სარკველაძის როგორც მინისტრის. რა გაკეთდა? პრაქტიკულად, არაფერი. დაინიშნა მინისტრის 3 ახალი მოადგილე, რომელთა კომპეტენციაში მე ნამდვილად ეჭვი მეპარება და არ მოისხნა ის მინისტრის მოადგილე, ვისი ბრალეულობაცაა ის, რაც დღესდღეობით ხდება.
ონკოლოგიური პაციენტები ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა. აქ არცერთი დღის დაგვიანება, არასწორი და არაშესაბამისი მედიკამენტის მიწოდება, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. ამის გაკეთება არ შეიძლება. ევროპულ ქვეყნებშ, აშშ-ში, ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის, ჩვენთან ისევ განაჩენია, იმიტომ, რომ შემოიტანეს წანლები, რომლებიც კი, შეიძლება ხარისხიანია, მაგრამ ყველასთვის არ არის გამოსადეგი. ის წამალი კი არ უნდა მიაწოდო ადამიანს, რომელიც შენ შემოგაქვს, არამედ რომელიც მას სჭირდება და ეს გაკეთებადია. ონკოპაციენტების თემა ეს არ უნდა იყოს მარტო 15 ოქტომბრის, როცა არის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის დღე ან 6 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღე, ეს ყოველდღიური პროცესია და კამპანიის ხასიათს კი არა, მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს, - თქვა ვახტანგ სურგულაძემ.
ინკოპაციენტები პრემიერთან ღია შეხვედრას ითხოვენ.
ვითხოვთ ღია შეხვედრას პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ვითხოვთ პერსონალიზირებული მედიცინის დანერგვას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უფლებას სახელმწიფოსგან, - განაცხადეს ონკოპაციენტებმა.