"ინფლაციური მოლოდინები მომატებულია" - სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.0%-ზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8 პროცენტზე ტოვებს - სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ არის, თუმცა ბოლო პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია.
სებ-ის განმარტებით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზრდა იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა.
საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.
ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს." აცხადებს სებ-ი.