„გავრილოვის ღამედ“ წოდებული 2019 წლის 20 ივნისი „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია - ბადრი ჯაფარიძე
გავრილოვის ღამე „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია - პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხმიანება.
„გავრილოვის ღამედ" წოდებული 2019 წლის 20 ივნისი “ქართული ოცნების “ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია, ის ეფუძნება ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ მაამებლობას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ძალადობას!“ - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.
რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.