"სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამომატარეს" - 20 ივნისს დაზარალებული სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვს

20.06.24 11:36
"სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამომატარეს" - 20 ივნისს დაზარალებული სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვს

 

 

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ - მიხეილ სარჯველაძის სამსახურში ოფიციალური წერილი უკვე დატოვებულია.

დავით ფარადაშვილი, რომელიც გავრილოვის სისხლიან ღამეს დაშავდა, სახელმწიფოსგან მკურნალობისთვის საჭირო თანხების გამოყოფასა და გარკვეული სამედიცინო პროცედურების დროულად ჩატარებას ითხოვს.

სამართალდამცველების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი "პირველებთან" 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ "ჯოჯოხეთის ხუთი წელი შესრულდა".

"ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლება ადამიანს ასეთი ჯოჯოხეთი სიცოცხლეში შეხვდეს და გამოიაროს" - ამბობს დავით ფარადაშვილი და იქვე დასძენს, რომ შემთხვევამდე სრულფასოვანი ცხოვრება გააჩნდა.

როგორც ფარადაშვილი "ტვ პირველთან" ყვება, ანტისაოკუპაციო აქციაზე მიღებული დაზიანებების შედეგად ახლა ეტლით გადაადგილდება და შეზღუდვის გამო საკუთარ ოჯახს ვეღარ არჩენს.

დღეს შესრულდა ჯოჯოხეთის 5 წელი, წარმოუდგენლად მძიმე წელი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლება ადამიანს ასეთი ჯოჯოხეთი სიცოცხლეში შეხვდეს და გამოიაროს. ვიდრე ეს დამემართებოდა, სამოთხეში ვყოფილვარ და არ ვიცოდი. ვმუშაობდი სრულფასოვნად, გადავადგილდებოდი სრულიად ჯანმრთელი, დამოუკიდებელი და უზრუნველყოფდი ჩემი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას, საკუთარ თავს. დღესდღეობით ეტლს ვარ მიჯაჭვული. ვარ ორიენტირებული მკურნალობაზე, რაზეც მიწევს ხვეწნა-მუდარა, რაც არის დამამცირებელი, რომ სამინისტროში რამდენჯერმე მიწევს მოსვლა ერთ განცხადებაზე, რომ დაფინანსება მივიღო. მიჯანჯლებენ დაფინანსების გაგრძელებას, არადა როდესაც სისტემური მკურნალობა არ მიყვება, ეს შედეგი იკარგება", - ამბობს დავით ფარადაშვილი.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.