ყაჩაღობა ბათუმში - დაკავებულია 24 წლის კაცი

20.06.24 11:33
ყაჩაღობა ბათუმში - დაკავებულია 24 წლის კაცი

დაკავებულია 24 წლის კაცი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებას ედავება - გომელაურის უწყების ცნობით, ის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.