სასამართლო ისეთივე დამოუკიდებელია ახლა, როგორც 2012 წლამდე იყო - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

20.06.24 12:11
სასამართლო ისეთივე დამოუკიდებელია ახლა, როგორც 2012 წლამდე იყო - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

მოსამართლე გიზო უბილავა ფიქრობს, რომ 2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყო - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს უხსნიდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა 2012 წლამდე ისეთივე დამოუკიდებელი იყო, როგორც ახლა, "ოცნება" ხელისუფლების პირობებშია.

2012-2018 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს პროკურატურის რიგებში. 2012 წლამდე ვიყავი რიგითი პროკურორი და ვერ ვიტყვი იმ ფაქტს, რომ თუნდაც პროკურორობის პერიოდში, ან ჩემი მხრიდან, რომ კომუნიკაცია განხორციელებულიყო სასამართლოს რომელიმე მოსამართლის მიმართ. ვფიქრობ, რომ მაშინაც დამოუკიდებელი იყო სასამართლო და დღესაც იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო. მე არ ვამბობ იმას, რომ იგივე დოზით იყო დამოუკიდებელი 2012 წლამდე. ბევრი პრობლემა იყო. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე არსებობდა როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურაში. ასეთ საკითხებთან მიმართებით, მე პრობლემურ საკითხად ჩავთვლი თუნდაც იმ გაიდლაინებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა ხელმძღვანელობდეს კანონით და კონსტიტუციის საერთაშორისო აქტებით და შესაბამისად, გაიდლაინების განსაზღვრა მოსამართლის დამოუკიდებლობის ჩარევის რაღაც კუთხით შეიძლება, რომ ჩაითვალოს", - ამბობს უბილავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ გიზო უბილავა იმასაც ამტკიცებდა, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი დაჯგუფება, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ არსებობს.

არანაირი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც კი ვერ დაასახელეს, თუ რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოს, კლანი არსებობს სასამართლოში. ეს ხომ თავად ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. თითქოს, ერთი გუნდი არსებობს და ეგ აკონტროლებს სასამართლოსო, კატეგორიულად გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს. არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლაზეც კი ზედმეტია საუბარი ამ 4 წლიანი უსამართლობის გამწესების შემდგომ. აღნიშნულის კუთხით კანონიც მოწესრიგებულია", - ამბობს უბილავა.

ცნობისთვის, დღეს, 20 ივნისს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილსა და გიზო უბილავას უსმენენ.