"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20.06.24 13:22
"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - პარლამენტთან აქცია დაანონსდა

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ხუთი წლის თავზე მოქალაქეები ისევ პარლამენტთან იკრიბებიან - დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაა დაანონსებული.

ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მოქალაქეები რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებთან ერთად ქუჩიდან ეტყვიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის გარუსების მცდელობას ყოველთვის ერთიანი ძალებით შეერკინებიან.

თუ წლების წინ მთავარი პრობლემა საპატიო სტუმრად რუსი დეპუტატის ქვეყანაში შემოყვანა იყო, ახლა მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება, რადგან მათი თქმით, ხუთ წელში საქართველოს ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ, ფაქტობრივად, ერთ რუსულ კანონს ქვეყნის ევროპული მომავალი გადააყოლეს.

რამდენჯერაც რუსული იმპერია საქართველოში წამოწევს რუსიფიკაციის იდეას, არ აქვს მნიშვნელობა ღია დამპყრობლური იქნება თუ მარიონეტული რეჟიმით, საზოგადოება მას ეროვნული მოძრაობის სტილში უპასუხებს როგორც ისტორიულად ანტირუსული, მაშასადამე ევროპული. სწორედ ეს სულისკვეთება გვინდა დაიბადოს საზოგადოებაში. ასევე გვსურს გარკვეული საბრძოლო გეგმა, საბრძოლო კალენდარი გავაცნოთ ხალხს, თუ ოქტომბრამდე რას ვაპირებთ", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.