გავრილოვის სისხლიანი ღამე და დაუსჯელი მოძალადეები - "ორი წელია, თვალდათხრილი ადამიანების პროცესს არ ნიშნავენ"
ვინ გამოიძიებს გავრილოვის სისხლიანი ღამის დანაშაულებს და ვინ დასჯის საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადეებს? - უკვე ხუთი წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეებიდან, თუმცა წლიდან-წლამდე არაფერი არ იცვლება.
ის, ვის მშობელსაც რეზინის ტყვია მოხვდა, ან ანტისაოკუპაციო აქციაზე თავად დაშავდა, სავარაუდო დანაშაულების უკან სწორედ მოქმედი ხელისუფლების კვალს ხედავს.
დაზარალებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მიუხედავად წლების გასვლისა, საქალაქო სასამართლოში პროცესები ამ დრომდე არ ჩანიშნულა და საქმე ხელოვნურად ჭიანურდება.
ისევე როგორც ბევრი დაზარალებული, დასახიჩრებული და თვალდათხრილი ადამიანი, მამაჩემიც კობა ლეთოდიანი ორივე თვალით არის დაბრმავებული 20 ივნისის შემდეგ, არის ყოველდღიურად იმის რეჟიმში, რომ რაიმე ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა უზრუნველყოს მისთვის თვალისჩინის დაბრუნება. ასევე არის მოლოდინის რეჟიმში სასამართლოსგან. ორი წლის წინ შევიტანეთ სარჩელი და პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა. თვალდათხრილი ადამიანის პროცესი რომ 2 წლის განმავლობაში არ ინიშნება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს მოქალაქე.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.
რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.