გიორგი გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს - დაკარგული პროფესორის კვალზე ამ დრომდე ვერ გადიან

20.06.24 15:15
გიორგი გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს - დაკარგული პროფესორის კვალზე ამ დრომდე ვერ გადიან

გიორგი გახელაძის ოჯახი მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დეტალების გაგებას ცდილობს, თუმცა გომელაურის უწყება დაკარგულის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არ აქვთ ამოღებული იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დაკარგული პროფესორი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა.

გიორგი გახელაძის მეუღლის, ირმა მალაციძის ცნობით, პროფესორი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დატოვა, რათა ავტობუსით უნივერსიტეტში წასულიყო და ლექციები წაეკითხა.

ირმა მალაციძე "პირველებთან" ამბობს, რომ საღამოს მის ქმარს უნივერსიტეტში მიაკითხა, დაურეკა, თუმცა ერთი ზარის გასვლის შემდეგ მობილური ტელეფონი გაითიშა და ოჯახი კომუნიკაციაზე ვეღარ გავიდა.

ამასთანავე, ირკვევა, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ავტობუსის ბოლო გაჩერებასთან დამონტაჟებული არ არის არცერთი სათვალთვალო კამერა, რაც გამოძიებას კიდევ უფრო ართულებს.

გიორგი გახელაძის ცოლის ინფორმაციით, მას რამდენიმე წუთის წინ უცნობი ქალი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ დაკარგული კაცის მსგავსი აღნაგობის მქონე პირი კიკვიძის პარკში გადაადგილდებოდა.

მოემზადა, ზურგჩანთაში ჰქონდა ლეპტოპი, პირადი ნივთები. გავაცილე გაჩერებამდე და დავბრუნდი სახლში. უნივერსიტეტში ჰქონდა საღამოს გვიან გამოცდა და იქ უნდა ჩამეკითხა მისთვის, რომ სახლში მომეყვანა. იქამდე არ გვქონია კომუნიკაცია, რადგან როცა მუშაობს ხელს არ ვუშლი. 10 საათზე დავრეკე იმის სათქმელად, რომ მოვდივარ, გამოდი. არ მიპასუხა. 5 წუთში გადავრეკე და ტელეფონი გათიშული იყო. იმის შემდეგ აღარ ჩართულა ტელეფონი. ამ ფაქტს უძღოდა ის, რომ დაახლოებით 2 თვის წინ იყო ძალიან ცუდად, გულის წასვლის ეპიზოდი ჰქონდა და ახლა მე გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო განმეორებითი ეპიზოდი და ხომ არ არის ცუდად. არც უნივერსიტეტში გამოჩენილა და არც მეორე უნივერსიტეტში, სადაც გამოცდა ჰქონდა. პრობლემა გვაქვს შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ვიყოთ კარგად, რადგან მას ჰყავდეს ჩვენი სახით მხარდამჭერი და პატრონი", - ამბობს ირმა მალაციძე.