მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს - SJC
მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს, საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას პასუხობს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას.
SJC-ის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზირებული საქმეები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება არის ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმას მყისიერად მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე.
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის შეფასებას და გადაწყვეტილებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიმართ. კომიტეტთან კომუნიკაციაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად", - წერია SJC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ხელახალი გამოძების დაწყების იემდი არ ჰქონდათ, რადგან თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, ხელისუფლება "თავის თავს არ დასჯის".
თავის თავს ხელისუფლება არ დასჯის. მე პირადად და ჩემმა ოჯახმა ვიცოდით, რომ სპეციალური საგამოძებო სამსახური არაფრის გამკეთებელი არ იყო. პროკურატურა იქნება თუ სასამართლო იქნება, ერთი კაცის მითითებას ასრულებენ", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
SJC-ს განცხადება სრულად ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 11-14 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული.
კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპასუხო განცხადება 18 ივნისს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელახალი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.