ბიზნესდავის გამო ჩაცხრილული მამა-შვილი - ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

23.07.21 12:00
ბიზნესდავის გამო ჩაცხრილული მამა-შვილი - ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდის ცენტრში - "ტვ პირველმა" სამეგრელოში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ექსკლუზიური დეტალების გარკვევა შეძლო. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 65 წლის გრამიტონ ლაგვილავა მისივე ბიზნესპარტნიორმა, ზაალ კვიკვინიამ ჩაცხრილა. 

ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული,  პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა. ამოღებულია იარაღიც, საიდანაც ლაგვილავა მოკლეს, მისი შვილი, ნუკრი ლაგვილავა, კი დაჭრეს. 

ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. 

თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს დილით დაახლოებით 09:00 საათზე გაუხსნეს.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილეა. ამბობენ, რომ კვიკვინიას კრიმინალური წარსული აქვს. არსებული ინფორმაციით, სამი წლის წინ, ასევე ბიზნესდავის გამო, მან ყოფილი ბიზნესპარტნიორიც დაჭრა. 

მოკლული ბიზნესმენი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მოტივად ბიზნესწილები და სადაო ფული სახელდება.