ვისი უპასუხისმგებლობის გამო დარჩა ნახევარი თბილისი წყლის გარეშე? - "ფლანგვის დეტექტორი" ხმაურიანი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს
ვისი უპასუხისმგებლობის გამო დარჩა ზაფხულის ცხელ დღეებში ნახევარი თბილისი წყლის გარეშე? "ფლანგვის დეტექტორი" ხმაურიანი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. კორუფციის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მნიშვნელოვანი გეოლოგიური ტერიტორია სახელმწიფომ ფიზიკურ პირს იჯარით გადასცა.
2017 წელს გაფორმებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოიჯარეს 10 წლის განმავლობაში ტერიტორიისთვის უნდა მოევლო და ეპატრონა, თუმცა მკვლევარები წერენ, რომ იურიდიულ შეთანხმებაში სახელმწიფოს არ ჩაუდია მკაცრი პირობები და კონკრეტული მოთხოვნები. სამაგიეროდ, ყოველწლიური საიჯარო ქირა 14 ათას ლარს აჭარბებს. საბოლოოდ კი ტერიტორია ნაყარი მიწით გადაივსო რამაც ჯი-ვი-პის მილები მწყობრიდან გამოიყვანა.
ოთხი დღეა, თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.
ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2017 წელს ქონების სააგენტომ 7,885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა, ხოლო ხელშეკრულებაში მკაცრად არ განსაზღვრა ტერიტორიით სარგებლობის წესები.
შედეგად, წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ არაგვის ხეობაში დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის ზონირება, ტერიტორიით სარგებლობის პირობების განსაზღვრა და მონიტორინგი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იყოს.
თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა ევროპული პროცედურებისადმი გულგრილობა გამოიჩინეს და ტერიტორია უბრალოდ გასცეს წელიწადში 14,120 ლარის საიჯარო ქირის სანაცვლოდ.
იჯარით გაცემის შემდეგ მუნიციპალიტეტი აუცილებელ მონიტორინგს არ ახორციელებდა, ახლა კი ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა დუმს, - წერს ორგანიზაცია.