ტრეფიკინგის საქმე და დაზარალებული შშმ პირი, რომელსაც სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ - აღიარებენ თუ არა ბრალს დაკავებულები?
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალები და კაცები ამტკიცებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ოთხივე ბრალდებული, რომელთაგან 3 ქალია, უკვე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
საქმეს ჰყავს დაზარალებული, ქალი, რომელიც შშმ პირია და რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, ფულის სანაცვლოდ აიძულებდნენ მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია.
ამ ეტაპისთის, ჩემი დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენ, დაცვის მხარე ვეცნობით მტკიცებულებს, რადგან საქმე არის საკმაოდ მოცულობითი. ბრალდება ედავება, რომ სატელეფონო კომუნიკაციით მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანაშაულის შესახებ ჰქონოდა ინფორმაცია და ამ კონკრეტულ შემთხვევას ედავებიან მას. სახლში მოდა მისი დაკავება. ამ გოგოს ფიზკურად არ იცნობს", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ამას ადასტურებს ფარული აუდიო-ჩანაწერები, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა, თუმცა მის ავთენტურობას ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
თავს არ ცნობს დამნაშავედ. ჩვენ გვაინტერესებს, იმ ჩანაწერში რა არის. რამდენად მტკიცდება. ვარაუდის დონეზე შინაარსი შეიძლება გამოიტანო ადამიანმა, თუ ცალსახად ადასტურებს. ეს გასარკვევია. პირი ამბობს, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია და რა მტკიცებულებებიც წარმოადგინა პროკურორმა არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, ხოლო აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ახლა ოთხივე დაკავებული ხმაურიანი სასამართლო პროცესების მოლოდინშია.