ბერლინში გამართული აქციით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ისინი ბერლინში მიუღებელი პირები არიან - აქტივისტი
სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კაკაბაძე "ქართულ ოცნებას" რუსულ ოცნებას უწოდებს და აცხადებს, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველების მიერ მოწყობილი აქციის მიზანი ივანიშვილის რეჟიმის გაპროტესტება იყო.
"გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ისინი ბერლინში მიუღებელი პირები არიან" - ამბობს გიორგი კაკაბაძე და იქვე ამატებს, რომ ოლიგარქის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და ოკუპანტი სახელმწიფოსკენ მიაქანებს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა ევროპაში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს.
ჩვენ ამის შესახებ, დაახლოებით, სამი კვირის წინ გავიგეთ და მაშინვე დავიწყეთ მზადება ამ დღისთვის, რომ გაგვეპროტესტებინა "ქართული ოცნების" ვიზიტი. "ქართული ოცნება" არის რუსული ოცნება, რომელიც დღეს საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს რუსეთისკენ და რუსული მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, როდესაც დასდევენ, სცემენ, უგზავნიან ადამიანებს. ამიტომ როდესაც გავიგეთ ამ დღის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა აქცია და გაგვეპროტესტებინა "ქართული ოცნების" ვიზიტი, რადგან ისინი ვიზიტებს იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის, ლეგიტიმაციისთვის. გვინდა, რომ არ დავუშვათ ეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ მათი ადგილი ევროპაში არ არის. მათ თავად აირჩიეს რუსეთი და თავად თქვეს უარი ევროპაზე. ამ აქციის მიზანი იყო ის, რომ გვეჩვენებინა, რომ ბერლინში ისინი არ არიან მისალმებულები", - ამბობს გიორგი კაკაბაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე იმყოფება.
"გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს!" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ბერლინში, სასტუმრო "ადლონთან" შეკრებილი ემიგრანტები.
მოქალაქეებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიღების პარალელურად აქცია გამართეს და "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.