საქართველო VS ჩეხეთი - გადამწყვეტ მატჩს სასულიერო პირიც ესწრება
ჰამბურგში, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრებთან ერთად დეკანოზი გიორგი გოგოლაშვილი იმყოფება - ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის წარმომადგენელი წარმატებებსა და გამარჯვებას უსურვებს ქართველ ფეხბურთელებს.
"დღეს შემოდის სულთმოფენობის დღესასწაული, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბიჭები ღვთის განსაკუთრებული მხარდაჭერით ითამაშებენ" - ამბობს სასულიერო პირი და იქვე ამატებს, რომ დღეს მთელი საქართველო ერთიანია.
დეკანოზი არ გამორიცხავს, რომ ისტორიული მატჩი ქართველი ფეხბურთელების სასიკეთოდ დასრულდება და ის ემოციები, რაც ახლა ხალხს გააჩნია, დიდი სიხარულით დაგვირგვინდება.
ღმერთი ჩვენთან არის. დღეს ჩვენი საღამოა. დიდი დღესასწაული, სულთმოფენობის დღესასწაული შემოდის. ეს არის დღესასწაული, რომელიც განახლების, საღვთო ძალებით ავსების დღესასწაულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი ბიჭები გარდა კაცობრივი ძალებისა, ღვთის განსაკუთრებული მხარდაჭერით ითამაშებენ და მოგვიტანენ დიდ სიხარულს. ემოციას რაც შეეხება, უზღვავი ემოცია გვაქვს, ამის აღწერა სიტყვებით ძალიან ძნელია. ეს მოვლენა რომ ჩაივლის, გავიაზრებთ ძალიან კარგად. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ემოციები დიდი სიხარულით დაგვირგვინდება. მე პირადად ვარ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიიდან. ჩემი მეგობრების მხარდაჭერით ჩამოვედი. განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს ფეხბურთის, მაგრამ დღეს მთავარი ჩვენი ქვეყნის სიყვარულია. ბიჭები ქვეყნის სამსახურში დგანან და ჩამოვედით, რომ გავამხნეოთ, გვერდით დავუდგეთ. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი გამარჯვებისკენ", - ამბობს დეკანოზი გიორგი გოგოლაშვილი.
საქართველო-ჩეხეთის თამაში თბილისის დროით, ზუსტად 5 საათზე დაიწყება.