უშედეგო ძებნის მეხუთე დღე - გიორგი გახელაძეს თბილისის სხვადასხვა უბნებში ისევ იძებენ
უშედეგო ძებნის მეხუთე დღე - გიორგი გახელაძეს ამ წუთებში მოქალაქეები თბილისის სხვასხვა უბნებში ეძებენ. მოხალისეობრივი ჯგუფები გაუჩინარებული პროფესორის მოსაძებნად ქუჩებში დილიდან გავიდნენ. საქმეში ჩართულია პოლიცია და მაშველებიც. მთავარი არეალი კი ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია რჩება, სადაც 57 წლის მამაკაცი ბოლოს გადაადგილდებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერების ნაწილი არ ფუნქციონირებს, რაც ძებნის ოპერაციას კიდევ უფრო ართულებს.
აღმოჩნდა, რომ 5 ანტენა ემსახურება იმ ტერიტორიას, სადაც ბოლოს დაფიქსირდა ტელეფონი. ამ 5 ანტენიდან კონკრეტულად ერთი რომელი იყო, რომ იმის ირგვლივ ავიღოთ 300 მეტრიანი რადიუსი და ეს ტერიტორია გავჩხრიკოთ, ჯერჯერობით არ ვიცით. ორშაბათს ალბათ უკვე სასამართლოდან განჩინება იქნება, რომ ბანკებიდან ინფორმაციას ამოვიღებთ, რომ იქნებ რამე ნათელი მოეფინოს ამ ამბავს. დღეს უბრალოდ, სახლშიც ვერ გავჩერდებით, - ამბობს ოჯახის წევრი.
გიორგი გახელაძის ძმა ამბობს, რომ სახლში პროფესორის კუთვნილი ლეპტოპი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაცემული.
გუშინ აღმოვაჩინეთ სახლში ლეპტოპი, იმიტომ, რომ თურმე გადაუდია რატომღაც სხვა ჩანთაში და აქამდე ამის გამო ვერ შევამჩნიეთ ლეპტოპი. ეს ლეპტოპი მიტანილია პოლიციის განყოფლებაში და წაღებულია უკვე ექსპერტიზაზე. ათ ადგილზე, თბილისის სხვადასხვა უბნებში 12:00 საათისთვის მოხალისეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ვიმოძრაოთ და ვნახოთ, სად შეიძლება თუ სადმე შეიძლება მისი კვალის პოვნა, - ამბობს ლევან გახელაძე.