მკვლელობა ბიზნესწილების გამო - ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გარბოდა

23.07.21 19:38
მკვლელობა ბიზნესწილების გამო - ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გარბოდა

მკვლელობა ჩასაფრებით - "ტვ პირველმა" ზუგდიდში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ზაურ კვიკვინია მამა-შვილ ლაგვილავებს თავს დილის 09:00 საათზე დაესხა, 65 წლის გრამიტონ ლაგვილავას ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. 

კვიკვინიამ ცეცხლი გაუხსნა ნუკრი ლაგვილავასაც, რომელიც ინცინდენტისას მამას თან ახლდა. ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე კლინიკაშია და ექიმები მის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გადანაწილებას უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირებულმა მხარეებმა 10 000 ამერიკული დოლარი ვერ გაიყვეს. 

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ზაურ კვიკვინია რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. 

კვიკვინია პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ავტომობილით ცდილობდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. 

გამოძიება ორი, ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.