სასტიკი მკვლელობა ლილოში - პროკურორმა საქმის უმძიმეს დეტალებზე ისაუბრა
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლო დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულს დღესაც არაფერი უთქვამს ლილოში მომხდარ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე.
პროცესს ესწრება ჯავახიშვილის დედაც, რომელიც ცინდელიანისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს.
ამ წუთებში სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. საქმის პროკურორმა უმძიმეს დეტალებზე ისაუბრა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ოთარ ცინდელიანმა მკვლელობა გენდერის ნიშნით ჩაიდინა და ნაცნობი დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა.
პროკურორმა დღეს სასამართლოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
"21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული..."- თქვა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას.
ლევან ვეფხვაძის მონაყოლის თანახმად, მკვლელობის დღეს, 28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი სვანეთიდან ჩამოვიდა, ის მთელი დღის განმავლობაში წერდა ჯავახიშვილს, რომ მისი ნახვა უნდოდა. აყენებდა შეურაცხყოფას.
საქმის მასალების მიხედვით, ცინდელიანი საკუთარი თავი ჯავახიშვილის მესაკუთრედ მიაჩნდა.
ქეთევან ჯავახიშვილი დედის ნათლული იყო, ნათესაური კავშირი ჰქონდა. ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას, თუმცა, მისი ეშინოდა, რაც ფსიქოლოგთანაც დაფიქსირებული ჰქონდა. ცინდელიანი ჯავახიშვილს ემუქრებოდა, თუკი, ის აღნიშნულის შესახებ იტყოდა ვინმესთან, ის გაამხელდა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა." აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
პროკურორის თქმით, სასტიკი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანი ბებიასთან მიდის, იბანს და სისხლიან ტანსაცმელს ყრის, შემდეგ კი მამას უკავშირდება და ზუგდიდში მიემართება, საიდანაც სვანეთში გადასვლას ცდილობს.
ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო, მეზობელს ის მამაკაცი ეგონა, მასთან შემდეგ მამა მივიდა, ცხედარი გადმოაბრუნა და მისი დასახიჩრებული შვილი შერჩა. პრაქტიკულად არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ამაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ბრალდების მხარეს ვერ წარმოუდგენია, ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა,- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკებს სისტემატურად მოიხმარდა.