ირაკლი კუპრაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს - რას ითხოვს "ლელოს" გენერალური მდივანი?
პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს - ირაკლი კუპრაძემ ჩვენება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მისი დაკავებისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე უნდა მისცეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა და მისი თქმით, სავარაუდოდ, დღეს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭონ.
ირაკლი კუპრაძე საქართველოს სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკადრების ამოღებისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება სწორედ ის ვიდეოჩანაწერია, სადაც გარკვევით ჩანს, თუ როგორ განახორციელეს სამართალდამცველებმა მის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება.
დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას იმ ძალადობის ფონზე, რომელიც ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთადერთი, რაც მე მაინტერესებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან და სახალხო დამცველისგან არის ის, რომ ამოიღონ ის ვიდეოჩანაწერები და კადრები, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ არის მრავლად. თუ ვიდეოკამერის ჩანაწერები არ იქნება ამოღებული, ეს უწყებები არის თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რომელიც ჩემსა და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ ხორციელდებოდა", - ამბობს კუპრაძე.
"ლელოს" გენერალური მდივნის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის თქმით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო ორგანომ დაგვიბარა იმისთვის, რათა დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს ბატონ ირაკლი კუპრაძეს. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევხვდეთ გამომძიებელს, გავეცნოთ საქმის მასალებს და დაზარალებულის სტატუსის გაცნობას ექნება ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ბევრი კითხვა, გამომძიებელთან დავსვამთ ამ კითხვებს. ცნობილია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის საფუძველზეა დაწყებული. დეტალებს შეხვედრის შემდეგ დავაზუსტებთ", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.