მკლავჭიდის ფედერაციამ წულუკიანის უწყებას სასამართლოში დავა მოუგო

26.06.24 17:07
მკლავჭიდის ფედერაციამ წულუკიანის უწყებას სასამართლოში დავა მოუგო

თეა წულუკიანის უწყებამ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო, ამჯერად მკლავჭიდის ფედერაციასთან.

მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სოსო ჯაჭვლიანის შვილის, ლუკა ჯაჭვლიანის თქმით, სასამართლომ დღეს, 26 ივნისს ფედერაციის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ლუკა ჯაჭვლიანი "ტაბულასთან" ამბობს, რომ სამინისტროს მიზანი მამის სოსო ჯაჭვლიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო, რაც 2020 წელს ნაწილობრივ გამოუვიდათ.

"2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა სხდომა, სადაც განხილული იყო მკლავჭიდის ფედერაციის პრობლემები. ნახსენები იყო გაუმჭვირვალობა და მმართველობაში არსებული პრობლემები.

იმ პერიოდში [2020 წელს] მიდიოდა დავა სამინისტროსა და ფედერაციას შორის, სადაც სამინისტრო უჩიოდა ფედერაციას, ვითომ ფედერაცია არამიზნობრივად ხარჯავდა თანხებს. ამას რეალურად მიზანი ჰქონდა ის, რომ მამაჩემისთვის, სოსო ჯაჭვლიანისთვის მიეყენებინა რეპუტაციული ზიანი, მოგეხსენებათ, ის მაშინ იყო ფედერაციის პრეზიდენტი. მაშინ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს.

თუმცა, დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, სადაც ნათლად წერია, რომ არცერთ ნაწილში ფედერაციას არ ცნობს დამნაშავედ. ისე გამოდის, რომ მაშინ არც დაელოდა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღო უსამართლო, ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. მაშინ სამინისტრომ მიიღო ცილისმწამებლური გადაწყვეტილება და შეუჩერა დაფინანსება ფედერაციას. არასამართლიანად გადატყდა ჯოხი ფედერაციასა და სპორტსმენებზე". - თქვა ჯაჭვლიანმა ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში.