"იმის იმედი მქონდა, რომ კვარაცხელია რონალდუს აატირებდა და აატირა კიდეც" - გულშემატკივრების ოვაციები არ წყდება

27.06.24 11:49
"იმის იმედი მქონდა, რომ კვარაცხელია რონალდუს აატირებდა და აატირა კიდეც" - გულშემატკივრების ოვაციები არ წყდება

დღეს ფეხბურთის დღეა - ისტორიულმა გამარჯვებამ ქართველები ისევ გააერთიანა. მერვედ ფინალში გასვლამ და რონალდუს სათადარიგო სკამზე გაბრაზებულმა ჯდომამ ქართველები განსაკუთრებით გაახარა.

თბილისის ქუჩებში გვიან ღამემდე ისმოდა სასიამოვნო ხმაური. მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო მოედნიდან მოქალაქეებმა გამარჯვების მარში გამართეს და ყველა ცენტრალური ქუჩა ფეხით შემოიარეს.

ქალები, ბავშვები, მოხუცები, სპორტის დიდი გულშემატკივრები და დილეტანტებიც - ყველა ქუჩაში იყო.

ძალიან ბედნიერი ვარ და არ მოველოდი, თუ ასე კარგად ვითამაშებდით. გულში რაც კი სიბრაზე გვქონდა, ყველაფერი გამოვამჟღავნეთ. საუკეთესოები ვართ", - ამბობს გულშემატკივარი.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.