რა ხდება ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში - ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი წამებით მოკლეს

24.07.21 21:01
რა ხდება ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში -  ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი წამებით მოკლეს

ხონის ფსიქიატრიულის კიდევ ერთი მსხვერპლი 51 წლის კახა კალანდაძეა. 8 ივლისს მისი ცხედარი კლინიკიდან სახლში კალანდაძის დედას მიუსვენეს. მამაკაცს  კისრის ძვლები ჰქონდა მოტეხილი, ასევე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა გულ-მკერდის და წელის არეში. გარდაცვლილს ძალადობის კვალი მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

კალანდაძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი კლინიკაში ცემით მოკლეს. ოჯახის თქმით, ხონის კრიმინალური პოლიცია მათ არწმუნებდა, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა და ძალადობის კვალი ცხედარს არ ეტყობოდა.

გარდაცვლილის ოჯახს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებიდან გამომდინარე ეჭვი აქვს, რომ კალანდაძე ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმების მხრიდნა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო.

გარდაცვლილის ოჯახი ასევე არ გამორიცხავს იმასაც, რომ კალანდაძეს დაპირისპირება თანამესაკნესთან მოსვლოდა, თუმცა საკანში სათვალთვალო კამერის არარსებობის გამო ამის გაგება მათთვის შეუძლებელია.

ხონის ფისიქიატრიულ კლინიკაში ეს არ არის პაციენტის გარდაცვალების პირველი ფაქტი. ამ კლინიკაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაურკვეველ ვითარებაში უკვე მესამე ადამიანი გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორმა გოჩა ბაკურიძემ ტვ პირველთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალისტი  კლინიკის ტერიტორიაზე არ შეუშვა. ტვ პირველის კამერას გაექცა ბესო ბენიძეც, რომელიც დირექტორის მოადგილეა.