თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო
საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა თეა წულუკიანს სასამართლოში დავა მოუგო - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.