მიმდინარე წლის ივნისში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტია გამოვლენილი
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტია გამოვლენილი - კანონდარღვევებიდან 119 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხ საამქროებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 15, შიდა ქართლში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 4, ქვემო ქართლში კი 1.
ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.