ცნობილი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს
ცნობილი აქტივისტი და ანტისაოკუპაციო და ჰუმანიტარული ფორმატების მონაწილე ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შეუშვეს.
ინფორმაციას ტელეგრამ არხზე "Free Russia" ავრცელებს და მომხდარს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც ფონდის "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი იგორ კუროპტევი tvpirveli.ge-ს ეუბნება, ზოლოტარევსკი საზღვარზე ორი საათის განმავლობაში დააყოვნეს, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს:
ჩვენი მეგობარი, ჩვენი რამდენიმე პროექტის კოორდინატორი, ცნობილი აქტივისტი და ანტისაოკუპაციო და ჰუმანიტარული ფორმატების მონაწილე ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შეუშვეს. ის მოკლე სამუშაო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში, არავის აუხსნია.
ბორისი სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. ამ სამი წლის განმავლობაში მან არა მხოლოდ არ დაარღვია საქართველოს კანონები, არამედ საჯაროდ და ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. ბორისი ჩვენთან ერთად გაემგზავრა ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში, რათა მხარი დაეჭირა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მსოფლიოს უკანონობის შესახებ აგნეცხადებინა, რომელსაც პუტინის ჯარები სჩადიან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.
რუსი ოპოზიციონერი აქტივისტების გაუმართლებელი უარი საქართველოში შესვლაზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ჩვენი გუნდის სახელით გამოვთქვამთ მწუხარებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი-მეორესმიყოლებით აძევებს ქვეყნიდან ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ რუს აქტივისტებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.
ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას ბორისს და აუცილებლად გავაგრძელებთ მასთან მუშაობას.
ამ ფოტოზე ბორისი საჭმელს გადასცემს ბებიას ვალია ვანიშვილს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს კრემლის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ლეგალურ, საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, - წერია ინფორმაციაში.