ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნეს - "მთის ამბები"

03.07.24 23:58
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნეს - "მთის ამბები"

გამოცემა "მთის ამბების" ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილი 2024 წლის 23 იანვარს დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ჟურნალისტი თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესის გასაშუქებლად 2 წუთის მისული იყო, როდესაც დააკავეს.

გელა მთივლიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ახრჩობდნენ. ჟურნალისტს თავისუფლება 6 საათის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს.