რატომ არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი საქართველოში? - პირველი ინტერვიუ აქტივისტთან
რუსი ბლოგერი და ცნობილი აქტივისტი, ბორის ზოლოტარევსკი სასაზღვრო პოლიციის მიერ საქართველოში არ შემოშვების ფაქტს იხსენებს - ზოლოტარევსკი "პირველებთან" ინტერვიუში მოვლენათა ქრონოლოგიას ყვება და განმარტავს, თუ რა გახდა მიზეზი, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს ქვეყნის საზღვარი არ გადმოაკვეთინეს.
ბორის ზოლოტარევსკი აცხადებს, რომ სომხეთიდან საქართველოში ავტობუსით ბრუნდებოდა, რა დროსაც პასპორტ კონტროლის გავლის პროცესში, მესაზღვრეებმა მისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საზღვარზე ორი საათი ალოდინეს.
"რეკავდნენ ერთმანეთთან და კამერაში მაფიქსირებდნენ, რის შემდეგაც მითხრეს, რომ მე საქართველოში ვერ შევალ" - ამბობს რუსი ბლოგერი და იქვე დასძენს, რომ მიზეზის კითხვის შემდეგ ფურცელი გადაეცა, სადაც მხოლოდ სტანდარტული გრაფა იყო მონიშნული და დეტალები განმარტებული არ ყოფილა.
ავტობუსით ვბრუნდებოდი სომხეთიდან საქართველოში. სტანდარტულად ამოწმებდნენ ყველას პასპორტ კონტროლის დროს. როცა ჩემი ჯერი დადგა, მესაზღვრეებს თვალები გაუფართოვდათ ჩემი დოკუმენტების დანახვისას. ორი საათი მალოდინეს. რეკავდნენ ერთმანეთთან და კამერაში მაფიქსირებდნენ, რის შემდეგაც მითხრეს, რომ მე საქართველოში ვერ შევალ. მიზეზი ვიკითხე, რაზეც დოკუმენტები გადმომცეს სტანდარტული ფორმულირებით. ჩემთვის ამ დრომდე დაუდგენელია, რის გამო გამაბრუნეს საზღვრიდან. მე რუსეთიდან პუტინის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო გამომაქციეს, მაგრამ იქაც კი არ დამირღვევია კანონი. ასე რომ ყოფილიყო, წამში დამაკავებდნენ. რა თქმა უნდა, არც ქართული კანონი დამირღვევია ქვეყანაში ცხოვრების განმავლობაში.
რუსი აქტივისტი ვარაუდობს, რომ საქართველოში მისი საქმიანობისა და ანტიპუტინისტური დამოკიდებულების გამო არ შემოუშვეს.
ბორის ზოლოტარევსკს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებისა და უკრაინის მხარდასაჭერი პოზიციის გამოხატვისთვის დევნის მსხვერპლი გახდა.
საქართველოს და უკრაინის ანექსიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ვიბრძვი. საოკუპაციო ხაზთან 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი. საჯარო აქციები დამიგეგმავს, არაფერს ვმალავ. ხელები შეკრული მაქვს.ა რანაირი რაციონალური ახსნა, გარდა ჩემი აქტივიზმისა, არ შეიძლება არსებობდეს, რის გამოც საქართველოში არ შემომიშვეს. რუსეთიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. საქართველო ჩემთვის სახლად იქცა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და იმედია, ჩამოსვლას ოდესმე აუცილებლად შევძლებ. აქ თავისუფალი ხალხი ცხოვრობს და ჩემი სახლი უკვე ძალიან მენატრება", - ამბობს რუსი აქტივისტი.