თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს

04.07.24 15:10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა განიხილავს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს ჩვენებებს აძლევენ არა ის სამართალდამცველები, რომლებმაც ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს, არამედ არასაპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აქტივისტის დაკავების ოქმი შეადგინეს. 

პოლიციელები არიან, ოღონდ ვინც დამაკავა არა, ვისაც გადამცეს მერე რობოკოპებმა და ვინც შეადგინა ოქმი, ისინი არიან. ესენი არ არიან ის პირები, რომლებმაც დამაკავეს", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

აქტივისტის უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, რომ გრიგორიადისს დაკავების დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. მისი ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეულ ბიჭს სისხლნაჟღენთები და მაისურზე წიხლების კვალი აღენიშნებოდა.

ადვოკატის თქმით, გამოძიება არაეფექტურია, რადგან ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებულები. 

არსებობს თვალსაჩინო კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაზარეს მხრიდან მსგავს ქმედებებს არ ჰქონია ადგილი. ეს კადრები შსს-ს თანამშრომლების მიერ არის წარმოდგენილი. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ დაკავების ოქმი ვინც გააფორმეს, მათ არ დაუკავებიათ ლაზარე. ლაზარე დააკავეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა, რომლებმაც იძალადეს მასზე ფიზიკურად. ლაზარეს აღენიშნებოდა დაკავების დროს მიყენებული არაერთი დაზიანება. მას დაჭირდა სამედიცინო დახმარება. გამოძიება არ არის ეფექტური, რადგან ვერ ხდება დამკავებელი პირების იდენტიფიცირება. დღეს თუ აღიარებენ, ვინ დააკავა ლაზარე და თუ მოხდება იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დააკავა ლაზარე, მაშინ ამით ნამდვილად უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. გამოძიება ვერ მიდის წინ, რადგან ვერ ხდება დამკავებლების იდენტიფიცირება", - ამბობს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 14 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დააკავეს. ახალგაზრდა აქტივისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.