2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

26.07.21 20:35
2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება - ამ წესს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, წარადგინა. 

მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.

ასევე, ალექსანდრე დარახველიძემ ახსენა, რომ მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა 18 წლამდე აქვთ აღებული, შეეძლებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა და მძღოლად, ან კურიერად მუშაობა.

18 წლამდე ასაკის პირებს დღეს მართვის მოწმობის აღების უფლება აქვთ, მაგრამ მათ ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. ეს შეზრუდვა წარმოდგენილი კანონპროექტით იხსნება და იმ პირებს, ვინც მართვის მოწმობა 18 წლამდე აიღეს, ექნებათ კურიერად, თუ მძღოლად მუშაობის უფლება" – თქვა დარახველიძემ.