მოიხდის თუ არა სასჯელს მამის მკვლელობისთვის დაკავებული ფსიქიატრიულში? - ვერდიქტი გამოტანილია

05.07.24 12:38
მოიხდის თუ არა სასჯელს მამის მკვლელობისთვის დაკავებული ფსიქიატრიულში? - ვერდიქტი გამოტანილია

მამის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ციხის ნაცვლად სასჯელს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის. 20 წელი პატიმრობის ნაცვლად, გამხიტაშვილი კლინიკაში მაქსიმუმ 3 წელს დაჰყოფს. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა შკუბულიანმა საბრალდებო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მოსამართლემ ფსიქიატრიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იხელმძღვანელა, რომელმაც ბრალდებულის შეურაცხადობა დაადგინა.  

"სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ბრალდებულის მიმართ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულიყო მის მიმართ იძულებითი ხასიათის ფსიქიატრიული მკურნალობა. ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია სტაციონალურ-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბრალდებული რევაზ გამხიტაშვილი იყო შეურაცხადი, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს", - ამბობს ადვოკატი.

ბრალდებული სასამართლოს სხდომას დღეს ვერ ესწრებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, გამხიტაშვილის მდგომარეობა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ისე დამძიმდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაეყვანათ . 

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში 26 წლის შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა. 49 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. რევაზ გამხიტაშვილი კი ჯერ გაიქცა, მოგვიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა.