კახა ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს - სამხედრო მფრინავს დღეს დაკრძალავენ
ბოლნისში გარდაცვლილ სამხედრო მფრინავს დღეს, 14:00 საათზე, დაკრძალავენ - კახა ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს.
ქალაქ გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც რიგითი მოქალაქეები, პილოტის მეგობრები და ნათესავები გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად მიდიან.
ადგილზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ კახა ზურაბიშვილი გმირი, გამოცდილი და პროფესიონალი პილოტი იყო, ამიტომ მოქალაქეებს არ სჯერათ მოსაზრების, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა, მის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყოს.
ჩემი მამიდაშვილი იყო. დიდებული პიროვნება და გულანთებული ქართველი. ბავშვობიდან აჩემებული ჰქონდა, რომ უნდა ვიფრინოო. გაეპარა მშობლებს და უკრაინაში სამხედრო აკადემია დაამთავრა. ჩამოვიდა და იმის შემდეგ სამშობლოს ემსახურებოდა. ძალიან გამოცდილი იყო და გამორიცხულია, რომ მას რამე შეშლოდა. რა მოხდა არ ვიცით. ამბობენ, რომ გამოძიება მიდისო", - ამბობს დაღუპულის ნათესავი.
ცნობისთვის, ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა.
ბოლნისის რაიონში, სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დოკუმენტაციაა ამოღებული. ამასთანავე, გამოიკითხა მოწმეები და მოხდა საფრენი აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება.