"ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებმაც სტადიონის ნაწილი დაალაგეს" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია "სადაგის" წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.
პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ამ წამოწყებისათვის მადლობა გადაუხადა.
დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ. და ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა.
ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რევანში ვერ შედგა - საქართველოს სარაგბო ნაკრები ფიჯისთან დაპირისპირებაში ცხრა ქულით დამარცხდა. კუნძულელებმა სამი ლელოს გატანაა შეძლეს და ჯამურად 21 ქულა დააგროვეს.
თამაში დაძაბული აღმოჩნდა. რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნებს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა თამაშს ჯარიმების გარეშე არ ჩაუვლია. ფიჯი პირველსავე ბურთზე დაჯარიმდა, რის შემდეგაც თედო აბჟანდაძემ ბურთი დერეფანში გადაიტანა. ერთი მარცხისა და ერთი ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ქართველებთან მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს.