სამხედრო სწავლების გაჩერებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი - ექსპერტი
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების გადადებით, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი თავდაცვითი ინსტრუმენტი დაკარგა - ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უარყოფით ზიანს იქონიებს ქვეყნისთვის, რადგან "ღირსეული პარტნიორობის" პროექტის განხორციელებაში არა მხოლოდ თავდაცვა, არამედ სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტები იყვნენ ჩართულები.
გიორგი შაიშმელაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დათბობა, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი.
ამ სწავლებაში, პრაქტიკულად, ჩართული იყო არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი უწყება და კიდევ ვიმეორებ, მისი მთავარი ამოცანა იყო ტაქტიკურ ურთიერთთავსებადობასთან ერთად ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის ამაღლება. ამ მასშტაბის სწავლებები აღმოსავლეთ ევროპაში, პრაქტიკულად, არავისთან არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. უკვე დაგეგმვის ეტაპიც ჩავლილი იყო და პრაქტიკულად, შუა მზადების ეტაპზე სწავლების გაჩერებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი. პრაქტიკულად, გამოირიცხა ამ ურთიერთობების ნორმალიზება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ცრუ ბრალდებებს და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხეთ და ამერიკასთან საგარეო ურთიერთობები გადავალაგეთ და ჩემი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ამ დანაკარგის ანაზღაურებას, რასაც ინსტიტუციური დასუსტება ჰქვია სახელმწიფო თავდაცვის, ამის კომპენსაციას დიდი დრო დასჭირდება", - ამბობს სამხედრო ექსპერტი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.