ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ეუთოს რეზოლუციას გმობს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ეუთოს რეზოლუციას გმობს - ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და ინსტიტუტების დეგრადაციაზე მიუთითებს.
სამხრეთ ოსეთმა რეალობას მოწყვეტილი მიკერძოებული დოკუმენტების განხილვის დესტრუქციულობის შესახებ თავისი პოზიცია არაერთხელ გამოხატა.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაცია“, - აღნიშნეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. ივანიშვილის პარტია ახალ საერთაშორისო სკანდალშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის კენჭისყრამ ისე ჩაიარა, რომ დარბაზში მყოფმა "ოცნების" დეპუტატებმა დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ხელისუფლების უმწვავეს კრიტიკას "ოცნება" საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის იგნორით პასუხობს.
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?
- "[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.
- [დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.