პოლიციელების ცემა ხობის ცენტრში - 2 მოჭიდავეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

27.07.21 13:10
პოლიციელების ცემა ხობის ცენტრში -  2 მოჭიდავეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ხობში პოლიციელების ცემის გამო დაკავებულ 2 მოჭიდავეს, ზაზა დათეშაძეს და ვარლამ კვარაცხელიას, 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

რაც შეეხება მომხდარზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ ორ სპორტსმენს - ნიკა ყორშიასა და ნუგზარ წურწუმიას, მათ 3-დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ისინი იზოლატორს დღეს დატოვებენ. 

დაპირისპირება ხობის ცენტრში მოჭიდავეებს შორის დაიწყო, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ამ მოწოდებამ ერთ-ერთი სპორტსმენი, ზაზა დათეშაძე, გააღიზიანა, რა დროსაც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია სიტუაციის განეიტრალებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.  პოლიცია იძულებული შეიქმნა, დამატებითი ძალები გამოეძახა და მოჭიდავეები დაეკავებინა.

დაკავებულების ნაწილს გამოძიება  პოლიციელზე თავდასხმას ედავება,  მეორე ნაწილს კი - წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას.