ნატოს წევრმა ქვეყანამ საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაყინა
ევროკავშირს შემდეგ მოქმედებაზე გადადის ნატოც - დანიამ საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაყინა - ამ თემაზე საგანგებო განცხადება დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ დანიამ 27,12 მილიონი ლარი საქართველოს თავდაცვის და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის 2023 წელს გამოუყო.
დეპუტატის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.
აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა NATO-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.
დანიამ შარშან 27 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.
შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად NATO-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების არაერთი გაფრთხილებისა, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი.
ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება"- თქვა აქუბარდიამ.
აქუბარდიამ ევროკავშირის მიერ 30 მილიონის გაყინვაზეც ისაუბრა:
ჩემი სადეპუტატო წერილის საფუძველზე, დღეს უკვე გასაჯაროვდა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ, რაც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერთავდაცვის სერვისთა პოტენციალის გაძლიერებას შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით.