აქტივისტის საქმე - მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა
14 მაისს, ანტირუსული კანონის აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო.
აქტივისტი მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2 300 ლარით დააჯარიმა. მას გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები.
მარტის აქციების სიმბოლოდქცეული ბიჭი მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ "სირცხვილია, როდესაც სასამართლოში საქმეები იმავენაირად გვარდება".
უსამართლო გადაწყვეტილებაა. სირცხვილია, რომ ისევ იმავენაირად გვარდება საქმეები სასამართლოში, როგორც ადრე. პირველად რომ დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა. არ იყო არანაირი ფაქტები და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ადმინისტრაციულზე ვსაუბრობ. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და იგივე განაჩენი დადგა. რის საფუძველზე გამოიტანა ეგ ჩამბარდება და ეწერება იქ, მაგრამ სირცხვილია, როდესაც მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ემხრობა მოსამართლე და ამის საფუძველზე შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.