აქტივისტმა, რომელიც "ხარებას" სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, ქვეყანა დატოვა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ჩიკაშუა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულ ლევან ბუდაღაშვილის საქმეს განიხილავს.
ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც "ხარებას" ბრძანებით გაიტაცეს და სამართალდამცველებმა უმოწყალოდ სცემეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება, რადგან ბუდაღაშვილმა ქვეყანა დატოვა.
როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე განმარტავს, ზვიად ხარაზაშვილისგან მუქარებს იღებდა, რაც ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა.
სასტიკად ნაცემი აქტივისტის უფლებადამცველი ამბობს, რომ პროცესზე მოსმენილი პოლიციის თანამშრომლების ჩვენები ურთიერთგამომრიცხავია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ლევან ბუდაღაშვილმა სახეზე ვერ ამოიცნო ის პირები, რომლებიც იყვნენ მოწმეები. მეტიც, ერთი პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ოფიციალურად მან დააკავა ლევანი, ლევანმა კითხა ამ პირს, იჯდა თუ არა ის საჭესთან, ამ პირმა თქვა, რომ არ იჯდა საჭესთან. ყველა ის პასუხები, რაც მოწმემ გასცა, თანხვედრაში არ მოდიოდა. მასზე ანგარიშსწორებას ახორციელებდა პირადად ხარება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ყვიროდნენ, რომ შეწყვიტეთ, ნუღარ სცემთ, მე მგონი მოკვდაო, ლევანის მისამართით. ლევან ბუდაღაშვილი დაზარალებულად ცნო პროკურატურამ, მაგრამ გამოიკითხნენ თუ არა კონკრეტული პირები, მათ შორის ზვიად ხარაზაშვილი, ჩვენთვის უცნობია", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, ლევან ბუდაღაშვილი 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა აქტივისტის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 11 ივლისს, დილის 11 საათზე გამოიტანს.