შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლში- ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

27.07.21 19:49
შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლში- ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გეგმიური საგადასახადო შემოწმებაა- ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ივლისის თვეში დამატებით 5 ათასი გადამხდელი შეარჩიეს, მათ შორის, ,,მთავარი არხის" გაყიდვების სააგენტოც. საგადასახადო სამსახური ამტკიცებს, რომ კონტროლი უშუალოდ ,,მთავარ არხს" არ ეხება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას". - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შესამოწმებელთა სიაში სხვა სარეკლამო კომპანიებიც მოხვდნენ და ეს სამსახურის სტანდარტული პროცედურაა, ხოლო ,,მთავარი არხის" განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" მიერ გავრცელებული განცხადება სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას". - წერია განცხადებაში. 

,,მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას,  ინფორმაციით, ,გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა. ეს კი ,,ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა მედიასაც იგივე ელოდება.

,,ქართული ოცნების" თვმჯდომარემ 14 ივლისს განაცხადა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.