ბახმაროში უკანონო მშენებლობის საქმე პროკურატურაშია - დოკუმენტებზე ხელმომწერი პირი თავის მართლების რეჟიმშია
მიწის ნაკვეთების 250-მდე მფლობელის საქმე პროკურატურაშია - ოპოზიციის ინფორმაცია დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც 2010 წელს ლეგალიზაციის კომისიის ფარგლებში მიწის საკუთრების ათეულობით დოკუმენტი გასცა და რომლის ხელმოწერის საფუძველზე პირებმა ბახმაროში მიწები დაისაკუთრეს შოთა სირაძეა, რომელიც ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აიპს ხელმძღვანელობს, მისი მეუღლე კი ჩოხატაურის მერის თანაშემწეა.
- 2010 წელს სირაძე პროკურატურამ პასუხისგებაშიც მისცა, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ძებნაშიც იყო, თუმცა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს საქმე შეწყდა.
ეკონომიკის სამინისტრო 14 წლის შემდეგ კოტეჯების, სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა პროკურატურაში გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ სირაძე, რომელმაც 2010 წელს ქონების გასხვისებისა და დაკანონების ნებართვა გასცა.
შოთა სირაძე "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ბახმაროში მიწის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული არ არის და იმასაც დასძენს, რომ თავის დროზე საკუთარი საქმიანობა კანონის დაცვით შეასრულა.
ყველა დონეზე გაცემულია პასუხი. ვის იჭერენ? კანონიერი იყო, რომ არ ყოფილიყო არც დაიკანონებდნენ. მაგის მერე 16 წელია გასული და არ დაილია ეს თემა? 2007 წლის კანონი წაიკითხეთ ლეგალიზებაზე, ადამიანებმა ორი მოწმის საფუძველზე, თუკი არსებობდა საფუძველი, რომ ჰქონდა იმ ტერიტორიაზე, ან ნასახლარი ეტყობოდა ჩვეულებრივად იცემოდა მიწები. ეს არის კანონი. სისხლის სამართლის საქმეები არ ვიცი მე, როგორ აღუძრა. თავისთავად იკვლევს რაღაცას და მოიკვლევენ. შეიძლება მიწა ჰქონდეს და 50 წლის მერე გასცეს პასუხი. ამის უკან არ შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგეს", - ამბობს შოთა სირაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, მაია კუტუბიძე კი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ნახა დოკუმენტი, რომლითაც ათეულობით ადამიანის ბედი წყდება. მისი თქმით, გაურკვეველია, თუ რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ საქმე დაახლოებით 250-მდე პიროვნებას ეხება.
შოთა სირაძის მიმართ ყველაფერი გაბათილებულია. ადამიანი არის ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად აბსოლუტურად თავისუფალი. პირადად ვიცნობ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და მე მასში ვერანაირ ისეთს ვერ ვხედავ, რომ კრიმინალი იყოს. ერთი წერილი მაქვს ნანახი, იმის შემდეგ მსვლელობა არ ყოფილა. იმ ხალხს დაკანონებული ჰქონდა კანონიერად. ამათი ბედი არ ვიცი. ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ სადღაც 250-მდე ადამიანზეა საუბარი", - ამბობს მაია კუტუბიძე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე კორუფციას ეხება და რიგითი მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევით, "ოცნების" ხელისუფლება საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობს.
ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი კორუფციის ჭაობშია ქვეყანა, როგორ მართავენ ის ერთეული ადამიანები სახელმწიფოს, რომლებიც თავად მდიდრდებიან გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. თავად იშენებ ვილებს, უქმნიან საკუთარ შვილებს მომავალს და ამ დროს, რიგით ადამიანებს, რომლებიც საკუთარი შრომის და სიმწრის ფასად ცდილობს, რომ ელემენტარული შეუქმნას შვილებს, მათ ართმევენ", - ამბობს თათია ნიკოლაშვილი.
სამინისტრო ბახმაროში 14 წლის წინ დაკანონებული მიწის ნაკვეთების უკან დაბრუნებას ითხოვს, რის გამოც 300-მდე ადამიანს მათ მფლობელობაში არსებულ ქონებას ართმევენ.