ივნისში, ხაჭაპურის მომზადების ხარჯები კვლავ გაიზარდა

13.07.24 14:50
ივნისში, ხაჭაპურის მომზადების ხარჯები კვლავ გაიზარდა

ISET-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6 ლარი შეადგინა - სამთვიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივნისში ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა.

ორგანიზციის ცნობით, 2023 წლის ივნისთან შედარებით, ინდექსი ზრდამ 6.8% შეადგინა.

2023 წლის ივნისთან შედარებით, ამ თვეში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც უმნიშვნელოდ (-1.7%) შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის (+18.1%), რძის (+16.2%), საფუარის (+14.9%) და ყველის (+7.2%) ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა. რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული. FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. როგორც უკვე აღინიშნა, ივნისში ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, რაც მეტწილად ყველის გაძვირებამ (+5.2%) გამოიწვია.

ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად – 19%-ით, თვიურად – 17%-ით. იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი ყველის მწარმოებელი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქუთაისში ყველის ფასების ზრდა სავარაუდოდ ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება," - წერს ISET-ი.