რუსული სემინარები შეკვეთილში - "ოცნება" დუმს

14.07.24 11:33
რუსული სემინარები შეკვეთილში - "ოცნება" დუმს

რუსული გაკვეთილები შეკვეთილში და სრული უმოქმედობა თბილისში - სუსი ამ დრომდე არ ამბობს, აქვთ თუ არა რუსეთიდან საქართველოში სპეცმისიით მოწვეულ ტრენერებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული. სასტუმრო "მირაჟში" ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ამ დრომდე რუსული სემინარები ტარდება. დღეს დასკვნითი გალა ღონისძიებაა დაგეგმილი. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ლავროვის უწყების თანამშრომლები რუსეთიდან მოდიან. 

ამ ფონზე კი დუმს განათლების სამინისტრო და დუმს შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

თავის მართლების რეჟიმშია სასტუმრო "მირაჟის" ხელმძღვანელობა. ამასთან, ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. არადა, ჟურნალისტებს აინტერესებთ, არიან თუ არა ადგილზე ისევ რუსული კლუბის წევრები და რა შინაარსის ტრენინგს ატარებენ, თუმცა მათ ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ.

სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი გიგა მახარაძე ამბობს, რომ სემინარების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია და არ იცის, რას აშავებენ რუსული კლუბის წევრები. 

მაგდენი არ ვიცი რას აღიარებენ. მე ვარ მასპინძელი ადამიანი, სასატუმრო მაქვს, ვკითხავ, რა ხდება. რავიცი, დაიქცა ქვეყანა. რაღაცა პუშკინზე საუბრობენ და ვოსაც უნდა - შევა, - ამბობს მახარაძე.

შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ორგანიზაცია 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში.