სისტემიდან "კლანი" უნდა წავიდეს - წიქარიშვილი
"სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის, "კლანის" ჯგუფი, მთავარი ბირთვი სისტემიდან უნდა წავიდეს" - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა გააკეთა.
იურისტი პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. კლანი ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, ამიტომ წიქარიშვილი მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორების გზად სრულ რეორგანიზაციასა და მოსამართლეების თავიდან შერჩევას მიიჩნევს.
სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამ ჯგუფის ხელში თითქმის ყველა ბერკეტია თავმოყრილი. თუმცა, იქ არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფარულად ან აშკარად უპირისპირდება ამ ჯგუფს, ნაწილი კი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება. გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების თავიდან შერჩევა, მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება. ვფიქრობ, რომ ასევე, არსებობს სხვა გამოსავალი, თუ სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებს არსებულ პრობლემებს, შეიძლება მოქმედი სასამართლოსგან შედგეს ნამდვილად დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ვფიქრობ, მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ყველა ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი სასამართლო სისტემა „კლანის“ ცალსახა მორჩილი იყოს.
არის „კლანი“, რომელიც ასრულებდა წინა ხელისუფლების დავალებებს და ახლა, ასრულებს მოქმედი ხელისუფლების დავალებებს. მეორე- თუ იქნება კეთილი ნება, „კლანის წევრები“, რომელშიც იგულისხმება წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ყოფილი პროკურორების ჯგუფი და რომელიც 2007 წლიდან მართავს სისტემას, „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან“ , - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.