ანა წითლიძე - რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული
რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული - უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რათა აღნიშნული კანონი შეჩერდეს და გაუქმდეს.
„რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაინც ნებისმიერი სამართლებრივი გზა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული და შესაბამისად, ამ მხრივ მივესალმები ამ სარჩელსაც, რომელსაც აუცილებლად შევუერთდები მეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს რუსულ კანონზე. როგორი შეიძლება იყოს მოლოდინი ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა და სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სწორედ ოლიგარქიული მმართველობის დაქვემდებარებაშია, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაზეც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რომ ჩვენ მოვახერხოთ რუსული კანონის შეჩერება და გაუქმება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
პრეზიდენტთან ერთად რუსული კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის წევრებიც მოსთხოვენ. სარჩელი უკვე მზადაა. საკანონმდებლო ორგანოში ახლა ნოტარიუსია მისული და დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს. სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ დოკუმენტი ბათუმში გადაიგზავნება.