რუსთაველის გამზირი ჩვენს სახლად ვაქციეთ, არ გავტყდით, ახლა კი არჩევნებზე მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ "ოცნებას" - ლუკა ჭოხონელიძე
მე მჯერა, რომ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს გადმოსცქეროდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ამაყები იყვნენ ჩვენით - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა "ნაბიჯის" წარმომადგენელმა ლუკა ჭოხონელიძემ "აირჩიე ევროპას" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჭოხონელიძემ ვრცლად ისაუბრა ქუჩაში გატარებულ საპროტესტო დღეებზე და იმაზე, თუ როგორ აქციეს რუსთაველის გამზირი თავიანთ სახლად, როგორ არ გატყდნენ უამრავი მუქარის მიუხედავად და როგორ მოაღწიეს ამ დრომდე, როცა არჩევნების პროცესში უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
რა გზა გავიარეთ აქამდე და იქამდე, სანამ საარჩევნო კამპანიაში შევიდოდით და შევალთ აუცილებლად ყველანი ერთად. ფაქტობრივად რეკორდული რაოდენობის დღეები გავატარეთ რუსთაველის გამზირზე და ეს იყო ისტორიაში პირველი შეთხვევა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციით, არავითარი პოლიტიკური პარტიების გამოყვანით და პოლიტიკური აქტივით, არამედ მოტივაციით და გულმხურვალე ახალგაზრდებით იყო სავსე რუსთაველის გამზირი. ის ახალგაზრდები რომლებიც რუსთაველზე იდგნენ, რომლებიც აქ დგანან, იმაზე უფრო კარგად იცნობენ ამ კანონს და ისე არიან განსწავლულები, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც დააინიცირეს ეს კანონი. რუსთაველი ვაქციეთ ჩვენს სახლად, იმიტომ, რომ ასე მოგივწია. როდესაც ჩვენი მეგობრები სახლებში მიდიოდნენ, მას სახლებთან ხვდებოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ტელეფონზე აგინებდენენ, ემუქრებოდნენ, მაგრამ მაინც არ გატყდნენ, ახლა უკვე საარჩევნო კამპანიაში შევდივართ, აქ ვართ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.
მე მჯერა, რომ ამ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს გადმოსცქეროდნენ, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ამაყები იყვნენ ამ ახალგაზრდებით. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მათი იმედების გამტყუნების უფლება არ გვაქვს, ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში და მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ "ქართულ ოცნებას". - თქვა ლუკა ჭოხონელიძემ.
ცნობისთვის, რეჟისორები, მსახიობები, ხელოვანები და რუსული კანონის მოწინააღმდეგები ხმების დასაცავად ემზადებიან. დღეს "აირჩიე ევროპის" ღონისძების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.