"დოსიე": რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი "კრიმინალების" გამოყენება სურს

25.07.24 16:58
"დოსიე": რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი "კრიმინალების" გამოყენება სურს

საქართველო ახალი, ხმაურიანი საქმის შუაგულში - რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი კრიმინალების გამოყენება სურს. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "დოსიემ" გამოაქვეყნა. რუსეთის სამხედრო დაზვერვიდან ახალმა საბუთებმა გამოჟონა. 

ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არეულობების მოსაწყობად სჭირდება ხალხი, ვისაც ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლია, ამიტომ  ფსონს ქართველ და მოლდოველ კრიმინალებზე დებენ, წერს "დოსიე".

რუსეთის სამხედრო დაზვერვა მათ გადაბირებას ძირითადად სოცილური ქსელის საშუალებით ახდენს და დავალებაზე უშვებს. 

როგორც "პირველებს" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი იგორ კუროპტევი უყვება, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთი "კრიმინალებს" საქართველოში ეძებს არის ის, რომ რუსულ დაზვერვას "კრიმინალების" დახმარებით პროვოკაციები საქართველოშიც შეიძლება დასჭირდეს.

კუროპტევი ასევე საუბრობს საქართველოს მთავრობის უმოქმედობაზე და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება  საქართველოში რუსი აგენტების გამოსავლენად და მათ ქვეყნიდან გასაძევებლად არაფერს აკეთებს. 

რუსული სპეცსამსახურების ტაქტიკა დიდი ხანია მოიცავს ლოკალურად კრიმინალურ ჯგუფებთან მუშაობას, მათ შორის ევროპასა და საქართველოში. კრემლი კრიმინალებს ფულს უხდის დარქნეთის საშუალებით - გვახსოვს მოწამვლის, თავდასხმის, დივერსიის შემთხვევები ევროპაში. ამას ჩადიან სწორედ ის კრიმინალები, ვინც რუსეთმა იპოვა და დაიქირავა. საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე მიზეზია, რატომ ეძებენ კრიმინალებს აქ - პირველი, მეზობელი ქვეყანა სჭირდებათ, რუსულ დაზვერვას კრიმინალები დახმარებით პროვოკაციები საქართველოშიც შეიძლება დასჭირდეს. მეორე - გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივია. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რეჟიმის პირობებში რუსული გრუსათვის საქმიანობა უფრო მარტივი გახდა. ეს პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების საკითხია. კრემლთან შესაძლოა, პირდაპირ არ თანაშრომლობენ, თუმცა დემოკრატიის ძირის გამოთხრის პირობებში უფრო ადვილია მუშაობა. საქართველოს მთავრობა კი არაფერს აკეთებს ამის საწინააღდეგოდ. არ გვინახას, ვინმე გაედევნოთ, აგენტი გამოევლინოთ, სამაგიეროდ პუტინის მოწინააღდეგეებს ბლოკავენ. ეს ყველაფერი კი ხსნის უზარმაზარ სივრცეს რუსული სპეცოპერაციებისთვის", - ამბობს კუროპტევი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრია გოცირიძე ამბობს, რომ კრიმინალური სამყარო რუსეთის დაზვერვის სამსახურების ინტერესს ყოველთვის წარმოადგენდა, ახლა კი როდესაც რუს მოქალაქეებს საქართველოში შეუზღუდავი გადაადგილების უფლება აქვთ, შეხების წერტილის პოვნა ბევრად უფრო გამარტივებულია. 

კრიმინალური სამყარო ყოველთვის წარმოადგენდა უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურების ინტერესს, განსაკუთრებით რუსული დაზვერვისა, რომელიც ორიენტირდება დივერსიულ ღონისძიებებზე, მკვლელობებზე. ძირითადად იმ ქვეყნებში არჩევენ, რომლებსაც გააადგილება შეუძლიათ მათ დაინტერესებულ რეგიონებში. ცხადია, ამ რეკრუტირების პროცესს გააადვილებდა ისიც, რომ უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე რუსულენოვან და რუს მოქალაქეებს საქართველოში შეუზღუდავი გადაადგილების უფლება აქვთ და ეს შეხების წერტილებს უფრო მეტად გაზრდიდა", - ამბობს გოცირიძე. 

2024 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ათზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის მიერ შეკვეთილი დივერსიის განხორციელების ან მომზადების ბრალდებით. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს.